„ევროპელ მკვლევართა ღამე“ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთო ევროპული ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ასობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

2020 წელს საქართველო პირველად შეუერთდა „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საერთაშორისო აღნიშვნას - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე გამარჯვებული პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ (“Captain: science is the captain”). პროექტის სახელწოდება შთაგონებულია ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრაზით - „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა კი მისი ჯარისკაცები“.

პროექტი მიზნად ისახავს „ევროპელ მკვლევართა ღამის“ მასშტაბურ აღნიშვნას, მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით, წარმოაჩენს კვლევის მრავალფეროვნებას და ხაზს უსვამს მეცნიერების კავშირს ყოველდღიურ ცხოვრებასთან.