ონლაინ კონფერენცია ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“

შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ქალბატონ ნუნუ მიცკევიჩის მისასალმებელი სიტყვა, რომელიც ეხებოდა Twinning პროექტის, საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობასა და როლს ქართული მეცნიერების განვითარებაში, პანდემიის მიუხედავად განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროექტის თანამონაწილე ლიდერი ბატონი ჯაბა სამუშია, საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი, Twinning პროექტის ხელმძღვანელი, ბატონი ვოლფგანგ პოლტი (ავსტრია), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი დავით ბუჯიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი დავით კალატოზიშვილი, Twinning-ის რეზიდენტი მრჩეველი ინეს გავარანე, პროექტის საერთაშორისო ექსპერტები და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი რუსუდან ჯობავა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა Twinning-ის ქართულ-ავსტრიულ-გერმანულ-ლატვიური კონსორციუმის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორებიცაა: საქართველო „ევროპელ მკვლევართა ღამის“ რუკაზე, სამეცნიერო კომუნიკაცია, სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოში, იმერეთის რეგიონის ჭკვიანი სპეციალიზაცია (Smart Specialization) და სხვა.